როგორ მოვითხოვოთ ხელფასის მომატება?

ხელფასის მატება

ყველა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ იმაზე მეტ ანაზღაურებას იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს. ხელმძღვანელისათვის ამის დადასტურება კი  სულაც არაა ადვილი, ამიტომ სანამ უფროსებთან ფულზე საუბარს გადაწყვეტთ, კარგად შეემზადეთ.

არის თქვენი ხელფასი დაბალი?

მოიძიეთ ინფორმაციები, რა ანაზღაურებაა მიღებული სამუშაოსათვის, რომელსაც თქვენ ახორციელებთ? თქვენი ხელფასის რაოდენობაზე შესაძლოა ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობაც ახდენდეს გავლენას. საქსტატის მონაცემების მიხედვით საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წელს 900 ლარი შეადგინა. ქალების ხელფასი კი მამაკაცების ხელფასზე ნაკლებია უმეტეს ქვეყნებში, რაც მიუღებელია.

 

გაარკვიეთ რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენს ხელფასზე ხელმძღვანელი არა ჩვენ საჭიროებებზე, არამედ მის შესაძლებლობებსა და აუცილებლობაზეა დამოკიდებული. გაარკვიეთ რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, რათა მაქსიმალურად შეძლოთ ხელის შეუწყოთ ამ გეგმების განხორციელებას.

 

აიღეთ მეტი პასუხისმგებლობა

როცა კომპანიისათვის შეუცვლელი გახდებით, თქვენი ფასიც გაიზრდება. ეს კი ხშირად მეტ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.  

ისაუბრეთ თქვენი მიღწევების შესახებ

ნუ იქნებით ზედმეტად თავმდაბალი, გამოხატეთ სიხარული თქვენს მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ, რომელმაც კომპანიას წარმატება მოუტანა. თუ თქვენ ყოველდღიურად სამუშაოს კარგად ანხორციელებდით, წლის განმავლობაში უკვე ეფექტური შედეგები იქნება დაგროვილი. პერიოდულად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, რეპორტის სახით შეაჯამეთ თქვენი მოღვაწეობა კომპანიაში და თქვენს უშუალო უფროსს გადაუგზავნეთ.

 

რამდენს სძენთ კომპანიას?

კაპიტალიზმი მოგებაზეა ორიენტირებული. თქვენი ხელფასის გამოანგარიშებისას ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენი მოგაქვთ კომპანიისათვის და რამდენს ხარჯავთ. რამდენი მოგება რჩება კომპანიას თქვენი დამსახურებით? მაგალითად, თუ კომპანიისთვის საშუალოდ თვეში 8000 ლარს იზიდავთ, ხარჯი კი მხოლოდ 1000 გაქვთ, იქნებ არის სივრცე ხელფასის ზრდისთვის.

 

შეარჩიეთ სწორი დრო

დროის სწორად შერჩევა ცალკე ხელოვნებაა. თუ ხელფასის მომატებით ხელმძღვანელებს დროულად მიმართავთ, ამან შესაძლოა წარმატების შანსი გაზარდოს.

 

შეარჩიეთ სწორი ფორმა

არ მოითხოვოთ ხელფასის მომატება იმეილით. ხელმძღვანელებს ამის შესახებ პირისპირ უნდა დაელაპარაკოთ.

 

იზრუნეთ ურთიერთობებზე

და ბოლოს, რაც არ უნდა კარგად ასრულებდეთ თქვენს სამუშაოს, სიმართლე ისაა, რომ ეს საკმარისი არ არის. უნდა იზრუნოთ ურთიერთობებზე. თუ ხელმძღვანელობასთან განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობის აწყობას შეძლებთ, ისინი უკეთესად გაიგებენ თქვენს მდგომარეობას.

ფრაზები, რომლებიც საუბრისას არ უნდა გამოიყენოთ:

  •  „უკვე 1 წელია თქვენთან ვმუშაობ და…“
  • „მე ვაკეთებ 3 ადამიანის საქმეს…“
  • „შევასრულე ის, რაც მევალებოდა….“
  • „ხელფასი უკვე 2 წელია არ მომმატებია“
  • „ხელფასის მომატება პირადი პრობლემების გამო მინდა…“
  • „გავიგე, რომ სხვას უფრო მეტი აქვს, ვიდრე მე…“
  • „თუ ხელფასს არ მომიმატებთ, წავალ“

ყველაფრის მიუხედავად, მზად იყავით უარისთვის. თუმცა, ამით ყველაფერი არ მთავრდება. გაიგეთ რა პირობები უნდა დაკმაყოფილდეს ამ კომპანიაში, რომ თქვენი ხელფასის ზრდა განიხილონ. მეტი ინფორმაცია მეტ პერსპექტივას შეგძენთ.

Comments

comments